ლევან იოსელიანი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ „ნაცმოძრაობით“, არ მეგონა, თუ ამ სიტუაციაში ასე მოიქცეოდნენ და EPP-ს გაავრცელებინებდნენ განცხადებას – პოლიტიკური უღირსობაა

იმედგაცრუებული ვარ „ნაციონალური მოძრაობით“, მათი დიდი იმედი არასდროს მქონია, მაგრამ არ მეგონა, თუ ამ სიტუაციაში ასე მოიქცეოდნენ და სახალხო პარტიას გაავრცელებინებდნენ იმ განცხადებას, რომელიც გაავრცელა , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებას, რომლის მიხედვით, საქართველოში არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა გამოიწვია.

მისი თქმით, საკუთარი პარტიული ინტერესების გულისთვის ამ ყველაფრის გაკეთება პოლიტიკური უღირსობაა.

„ჩემდა გასაკვირად, გამოჩნდნენ ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მინიჭება არ უნდა მოხდეს, რადგან ამით გახანგრძლივდება „ქართული ოცნების“ მმართველობა.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ „ნაციონალური მოძრაობით“, მათი დიდი იმედი არასდროს მქონია, მაგრამ არ მეგონა, ამ სიტუაციაში თუ ასე მოიქცეოდნენ და [ევროპის] „სახალხო პარტიას“ გაავრცელებინებდნენ იმ განცხადებას, რომელიც გაავრცელა. როდესაც ვნახავ აუცილებლად ვეტყვი ამის შესახებ პარლამენტში. თქვეს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებული განცხადებაა. არ მეგონა თუ ისინი ამას იკადრებდნენ, უნდა დაენახათ ის საფრთხე, რომელიც დგას ამ სტატუსის არ მინიჭების შემთხვევაში. ეს საფრთხე არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ ქვეყანას ემუქრება. საკუთარი პარტიული ინტერესების გულისთვის ამ ყველაფრის გაკეთება არის პოლიტიკური უღირსობა და მეტი არაფერი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები