მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის „ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის” შემაჯამებელ კონფერენციაში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ „ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის” შემაჯამებელ კონფერენციაში.
პარლამენტის ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროკავშირის სტანდარდებთან დაახლოების და „ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის” მნიშვნელობაზე. მან პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში, პროგრამაში ჩართული თითოეული მონაწილის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა და მათ მადლობა გადაუხადა. „ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის,” მიზანი ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, ზოგადი განათლების სისტემის ევროპეიზაცია და განათლების სფეროში ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დამკვიდრებაა.
პროექტის აქტივობებში საქართველოს 27 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციის თემატიკაზე საგანმანათლებლო, კვლევითი აქტივობების განხორციელებასა და ახალგაზრდებში ევროინტეგრაციის სხვადასხვა ასპექტებზე დებატების და კონსტრუქციული დიალოგის წარმართვას. პროექტის მხარდამჭერები არიან ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის უნივერსიტეტი და EIDM („ევროპეიზაცია როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი”).