პარლამენტის დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით 27-30 მაისს, ვილნიუსში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის ინფორმაციით, ასამბლეის წევრებმა სესიაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ალიანსის გაძლიერება და მომეტებულ საფრთხეებთან ადაპტაცია, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლა და მედეგობა, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და პარტნიორების მხარდაჭერა, ნატო-ს მადრიდის სამიტი და ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია. სესიის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, ლიეტუვას, პოლონეთის, ესტონეთის, ფინეთის და შვედეთის დელეგაციებთან ორმხრივი შეხვედრები გამართეს.

შეხვედრებზე ალიანსის წევრებმა და მოკავშირეებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. აღინიშნა, რომ საქართველო ნატო-ს უმნიშვნელოვანესი ასპირანტი პარტნიორია და აუცილებელია მისი მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერება ყველა მიმართულებით.

ნატოელი პარტნიორებისთვის ქართული დელეგაციის მთავარ გზავნილებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების დაჩქარება, შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება, საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მედეგობის განმტკიცებისთვის მხარდაჭერის გაზრდა და რუსეთის ფედერაციაზე მაქსიმალური ზეწოლა წარმოადგენდა.

„ასამბლეის ფარგლებში მომზადდა არაერთი ანგარიში, სადაც ასევე მოხსენიებულია საქართველო, დაგმობილია რუსული ოკუპაცია და ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობა.

საგაზაფხულო სესიის დასასრულს, ასამბლეის პლენარულმა სხდომამ უკრაინის მხარდაჭერის და რუსულ საფრთხეებთან განმკლავების შესახებ ორი დეკლარაცია მიიღო. დოკუმენტებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებას”, – განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, თეონა აქუბარდია და ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები