როგორია თბილისში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის განმარტება

თბილისში, ურთიერთშელაპარაკების დროს დაჭრილი 16 წლის მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ექიმის, გოგა ბახტაძის თქმით, ბიჭის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური.

“პაციენტს აღენიშნებოდა საკმაოდ მძიმე დაზიანება. აღენიშნებოდა მუცელში სისხლდენა და ნაწლავების მრავლობითი დაზიანებები, ასევე, რეტროპერიტონიალური სივრცის საკმაოდ სერიოზული დაზიანებები. რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 5 საათამდე მიმდინარეობდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პოსტოპერაციული მართვისთვის, ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვითი სუნთქვის აპარატზე. ამ ეტაპზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ სტაბილურადაა”, – აცხადებს გოგა ბახტაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში არასრულწლოვნებს შორის გუშინ სისხლიანი გარჩევა მოხდა.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა რომ, გ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ჭრილობები მიაყენა 2006 წელს დაბადებულ ლ.ა.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები