„300 ღერი სიგარეტის წარმოებას 1 ხე სჭირდება“ – დღეს თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღე აღინიშნება

300 ღერი სიგარეტის წარმოებას 1 ხე სჭირდება, ყოველწლიურად გარემოში, დაახლოებით, 4, 5 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი ხვდება“, – ამის შესახებ “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ბახტურიძემ თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც დღეს აღინიშნება.

„31 მაისი „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ 1988 წელს გამოცხადდა, როგორც მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე. ამ დღის მთავარი არსი გახლავთ ის, რომ თამბაქო ყველაზე ლეტალური პროდუქტია, რაც კი დედამიწაზე არსებობს და მინიმუმ ერთი დღით მაინც ამ პროდუქტის გამოყენებაზე უარი ვთქვათ.
ასევე, ამ დღის მიზანია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყურადღების მიპყრობა, რომ მწეველი მოსახლეობის თვითშეგნება რაც შეიძლება ამაღლდეს, გაიაზრონ – რასთან აქვთ საქმე, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროდუქტზე თავის დანებება. ყოველ წელს ამ დღეს თავისი კონკრეტული სამიზნე აქვს. წელს ჯანმო-მ განსაზღვრა, რომ თამბაქოს მოხმარება და წარმოება არა მხოლოდ ადამიანების შინაგან გარემოს აზიანებს, არამედ გარემომცველ ბუნებასაც სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს. წარმოების თვალსაზრისით რომ ავიღოთ, ყოველწლიურად, დაახლოებით, 200 000 ჰექტარი ტყე იჩეხება, ეს დაახლოებით 600 მილიონი ხეა, რაც კატასტროფაა. ამ ყველაფერს გლობალური კლიმატის ცვლილებაში სერიოზული წვლილი აქვს. ასევე, აღსანიშნავია გამობოლქვილი ნახშირორჟანგი და მხუთავი აირის სერიოზული სათბური გაზები – აქ ტრილიონობით კუბურ მეტრზეა საუბარი, ჰაერში გამოიტყორცნება და, შესაბამისად, ტემპერატურის მატების ალბათობას ქმნის.

კლიმატის ცვლილების ერთერთი რისკ-ფაქტორი სწორედ თამბაქოს კვამლია. 300 ღერი სიგარეტის წარმოებას 1 ხე სჭირდება. ყოველწლიურად გარემოში დაახლოებით 4, 5 ტრილიონი ნამწვი, ე.წ. „ბიჩოკი“ ხვდება, ნიადაგს, სასმელ წყალს, მდინარეებს, ოკეანეებს, წყალსაცავებს აბინძურებს. თამბაქოს მოხმარება გარემოს საკმაოდ სერიოზულ ზიანს აყენებს. სახელმწიფოების მხრიდან ყველა ძალისხმევა უნდა იქნეს მიმართული, რათა ამ პროდუქტის მოხმარების მაქსიმალურად შემცირება მოხდეს.

საქართველოში ამ 4 წლის განმავლობაში, რაც თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა მუშაობს, საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს: თამბაქოს მოხმარება მთელ საზოგადოებაში 4 %-ით შემცირდა, მწეველებში კი – 10 %-ით. მოწეული თამბაქოს პროდუქტების რაოდენობა 15 % -ით შემცირდა“, – განაცხადა ბახტურიძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, საქართველო ამ დღეს სხვადასხვა მიღწევით ხვდება.

დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021-2025 და სამოქმედო გეგმა 2021-2023, მთავრობამ გადადგა უდიდესი პროგრესული ნაბიჯი თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის დადგენილების დამტკიცებით, შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების რიგს, კანონი თანდათან უფრო სრულყოფილი ხდება – მოწევა აიკრძალა ტაქსებსა და კერძო ავტომანქანებში, სადაც არასრულწლოვანები არიან და სხვ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანონის აღსრულება ეფექტიანად ხორციელდება“, – ნათქვამია NCDC -ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებულ ინფორმაციაში თამბაქოსგან მომდინარე საფრთხეებზეა საუბარი.

„• 300 ღერი სიგარეტის დამზადებას 1 ხე სჭირდება და ყოველწლიურად სიგარეტების დასამზადებლად 600 მილიონი ხე იჭრება და 200 000 ჰექტარი ტყე იჩეხება
• 1 ღერი სიგარეტის დასამზადებლად 3.7 ლიტრი წყალი იხარჯება
• ყოველწლიურად 6 ტრილიონი სიგარეტი იწარმოება და 84 მილიონი ტონა CO2 გამოიყოფა, რაც 3 ტრანსატლანტიკური ფრენის და 280 000 რაკეტის კოსმოსში გაშვების ტოლფასია
• მწეველი სიცოცხლის განმავლობაში 5 ტონა CO2-ს გამოყოფს გარემოში
• მწეველობის ჯამური ეკონომიკური ტვირთი 1436 მილიარდი აშშ დოლარია
• ყოველწლიურად 4.5 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი ხვდება გარემოში; სიგარეტის ნამწვი გარემოს ყველაზე ხშირი დამაბინძურებელია“, – ნათქვამია NCDC -ის ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები