გივი მიქანაძე: „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტი „ნაცმოძრაობის“ მიერ არის მომზადებული
„ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული – მსჯავრდებული ბელადების თემა ქვეყნის ინტერესებს ურჩევნიათ მაშინ, როცა ყველამ და, მათ შორის, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრებმაც იციან, რომ ეს ორი ადამიანი (მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია) სწორედ რომ შესაბამისი არგუმენტებისა და ფაქტების საფუძველზე არიან მსჯავრდებულები, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე “ევროპის სახალხო პარტიის” განცხადებას.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანა ასეთი ისტორიული მომენტის წინაშე დგას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ დამაზიანებელ პოლიტიკას ეწევა.
„ქვეყანამ, როცა ასეთი ისტორიული მომენტის წინაშე დგას, უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ასევე, როცა ველოდებით მადრიდის NATO-ს სამიტს, იმის ნაცვლად, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის სასარგებლოდ და მხარდასაჭერად ერთი ნაბიჯი წინ გადადგას, კვლავ დამაზიანებელ პოლიტიკას ეწევა, რაც კიდევ ერთხელ ავლენს მათ რეალურ სახეს და იმ ვიწროპარტიულ ნარატივს.
რაც შეეხება „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებას, 2015 წლის მათ განცხადებას გადახედეთ, რომელიც საქართველოსთან მიმართებით გააკეთეს, როცა უკვე ხელმოწერილი იყო ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაციის საკითხები ძალაში იყო შესული და მთელი ევროკავშირი აღიარებდა საქართველოს ლიდერ როლს რეფორმების გატარების თვალსაზრისით, როგორც ახლა, ამას აღიარებს. მაშინ მათი განცხადება ანალოგიური იყო, თითქოს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას აქვს ადგილი. ამიტომ ეს არის მიკერძოებული განცხადება, რომელსაც საზოგადოებაშიც ანალოგიური აღქმა ექნება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ EPP დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას.