სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება რჩება უმძიმესი, სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება რჩება უმძიმესი, სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და მძიმდება, რასაც ემატება დღეს ახალი მუქარა რეფერენდუმი სახით, რომელიც გამოცხადებულია 17 ივლისისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ორბელიანების სასახლეში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს საქართველოსთვის და ასევე ამ რეგიონისთვის, რომელიც შედის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

„დიდი იმედი გვაქვს, ეს გააჩენს ყველა მხრივ კიდევ ახალ შესაძლებლობებს პოლიტიკური, თუ ეკონომიკური შესაძლებლობების ახალი განვითარების კუთხით. ჩვენი რეგიონის მომავალი მჭიდროდაა დამოკიდებული მშვიდობიან გარემოზე და ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება. ამ კუთხით მივესალმებით ევროკავშირის ჩართულობას და ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება, მშვიდობის დამყარებაზეა დამოკიდებული ეკონომიკური განვითარება და ყველა ის ახალი გეგმები, რომლებიც რეგიონს ეხება და მას სამომავლო ძალიან დიდ პერსპექტივას უქმნის.

შეხვედრებისას ჩვენ ხაზი გავუსვით ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებსა და თანამშრომლობის ზრდის პოტენციალს – სატრანსპორტო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში. ეს ის სფეროებია, რომლებიც იძენენ დღეს ახალ დატვირთვას და რომლის განვითარებაზეც შევჯერდით. რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი, ახალი ინფრასტრუქტურული ქსელები და ენერგეტიკის ახალი გზები ჩვენ ქვეყნების მაღალ ინტერესს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ.

აღვნიშნეთ რა, საქართველოში არსებული ყველა პირობა, რათა სომხური წარმოშობის ქართველმა მოქალაქეებმა შეინარჩუნონ საკუთარი ენა და კულტურა და ამავდროულად, შეძლონ ქვეყნის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღება. ამ კუთხით, ძალისხმევა არ შენელდება.

ჩვენს ქვეყანაში სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრება ქვეყანაში შექმნილ შემწყნარებლურ გარემოზე მეტყველებს და კავკასიის რეგიონისთვის კავკასიის ტრადიციის გამგრძელებელ პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს. მინდა, ჩვენს ორივე ქვეყანას ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ურთიერთმეგობრობის კიდევ უფრო გამყარება მომავალი საუკუნეების მანძილზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები