გიორგი ხელაშვილი: ძალიან ბევრი პრინციპული საკითხი მადრიდში სამიტის მიმდინარეობისას გაირკვევა – ვნახოთ, რის მიღწევას შევძლებთ პარტნიორებთან ერთად
“ჩვენ უნდა დაველოდოთ სამიტს, რომელშიც საქართველო მონაწილეობს და ვნახოთ, რის მიღწევას შევძლებთ პარტნიორებთან ერთად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბევრი პრინციპული საკითხი უშუალოდ მადრიდში სამიტის მიმდინარეობისას გაირკვევა.
„შეიძლება ითქვას, რომ შავ ზღვაში ნატოს აქტივობა აქამდე იყო სამხედრო ხასიათის, რომელიც ხშირად სიმბოლური ვიზიტებით ამოიწურებოდა ხოლმე, მაგრამ სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ ეს არის ნატო-სთვის სტრატეგიულად ყველაზე მთავარი მიმართულება, ეს ასე არ არის. უკრაინის ომმა აჩვენა, რომ შავი ზღვა ნატო-სთვის არ არის გარე პერიმეტრი, არამედ ეს არის მისი უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. არ არის გამორიცხული, რომ ივლისის სამიტზე სწორედ შავ ზღვასთან დაკავშირებით იყოს რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული ამ რეგიონის ყურადღების მეტად მიპყრობაზე. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ძალიან ბევრი პრინციპული საკითხი უშუალოდ მადრიდში სამიტის მიმდინარეობისას გაირკვევა. ვილნიუსში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ და მხოლოდ განწყობების შესწავლა შეიძლება ყოფილიყო შესაძლებელი, მაგრამ არა – საბოლოო გადაწყვეტილების. ჩვენ უნდა დაველოდოთ სამიტს, რომელშიც საქართველო მონაწილეობს და ვნახოთ, რის მიღწევას შევძლებთ პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა ხელაშვილმა.