ლაშა ჟვანია: ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ისრაელში, ბევრი საკითხია დაგროვებული, რომელიც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა და ამ ვიზიტის შედეგად ველოდებით მათ წინ წაწევას

ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ისრაელში, ასეთი წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაცია არ ყოფილა, შესაბამისად, ამ ხუთი წლის მანძილზე ბევრი საკითხია დაგროვებული, რომელიც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა და ამ ვიზიტის შედეგად ველოდებით ძალიან ბევრი საკითხის წინ წაწევას, – ამის შესახებ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებთან ერთად, აქცენტი გაკეთდება იერუსალიმში არსებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.

„საქართველოს პრემიერმინისტრს ისრაელში ვიზიტის დროს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ისრაელის ალტერნატიულ პრემიერმინისტრთან, ქნესეთის თავმჯდომარესთან, ასევე, მის უნეტარესობა პატრიარქ თეოფილე III-თან; პრემიერი „იად ვაშემის” ჰოლოკოსტის მემორიალს ქართველი ხალხის სახელით გვირგვინით შეამკობს, ასევე, რა თქმა უნდა, ეწვევა ჯვრის მონასტერს.

ვიზიტის დროს აქცენტი გაკეთდება იერუსალიმში არსებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე”, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები