კარლ ჰარცელი: ევროკომისიის დასკვნა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება
საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის მოლოდინით, კომისიის დასკვნა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება.
“ველოდები, რომ კომისიის დასკვნა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში, რის შემდეგაც გაიმართება განხილვები წევრ სახელმწიფოებს შორის და გადაწყვეტილების მიღება, სავარაუდოდ, ერთი თვის ვადაში მოხდება”, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, როგორიც უნდა იყოს შედეგი, არსებობს ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომ დროა უზრუნველყოფილ იქნეს ის, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საიმედოობისთვის.
“როგორიც უნდა იყოს შედეგი, იქნება ის მოლოდინზე ნაკლები თუ უფრო მეტი, პირობებით თუ პირობების გარეშე, არსებობს ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელია და ეს არის ის, რომ დროა, საქართველომ იმუშაოს ამ საკითხზე, დროა, უზრუნველყოფილ იქნეს, რომ სერიოზულად და მდგრად განახორციელოს ის, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საიმედოობისთვის“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.