გორში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორში გამართულ ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო.
„საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი დღე ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა პატივისცემით გავიხსენო ყველა ის ადამიანი, რომელთა დაუღალავი შრომის და ბრძოლის შედეგია საქართველოს დამოუკიდებლობა.
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ღრმა ფესვები აქვს. ეს ბრძოლა დაიწყო საუკუნეების წინ და მიდის დასასრულისკენ. თითოეული ქართველი, თითოეული მოქალაქე მზად არის, გახდეს ღირსეული ევროპელი. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს და აუცილებლად გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, შემეცნებით-გასართობი სივრცე და გამოფენა/ბაზრობა მოეწყო, სადაც წარმოდგენილია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარების მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია, მათ შორის, ნატურალური წვენები, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები და სხვა. ღვინის სადეგუსტაციო სივრცეში ადგილობრივი ვაზის ჯიშებისაგან დამზადებული ღვინოების დაგემოვნებაა შესაძლებელი.
სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, გორის ქალთა კაპელა ევროკავშირის ჰიმნს შეასრულებს, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს – 17:10 საათზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.
ღონისძიების ფარგლებში, დამთვალიერებელი ევროკავშირის შექმნის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ისტორიის შესახებ მიიღებს ინფორმაციას.
სპეციალური მოედანი მოეწყო ბავშვებისთვისაც, სადაც სხვადასხვა გასართობი აქტივობები ტარდება.
ღონისძიების დასასრულს, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოდგენილია ქალაქებში: თბილისი, გორი და თელავი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები