სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ – მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა
ჩვენ გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ – მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა. ჩვენ ვიცით სოლიდარობის ძალა და ამის ნიშანია, ის რომ ქართული საზოგადოება ყველა შესაძლო ფორმით გამოხატავს ამ სოლიდარობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ომი გვახსენებს საქართველოს მიერ, არაერთხელ, ამ საუკუნეში განვლილ ომებს და ტრაგედიებს.
„უკრაინის ომი შუაგულ ევროპაში გვახსენებს საქართველოს მიერ არაერთხელ, ამ საუკუნეში განვლილ ომებს და ტრაგედიებს. სწორედ იმიტომ, რომ ვიცით, რა ფასი უჯდება ქვეყანას ამგვარი თავდადება. გვევალება ჩვენ უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა. ჩვენ ვიცით სოლიდარობის ფასი, ძალა და ამის ნიშანია ის, რომ ქართული საზოგადოება ყველა შესაძლო ფორმით გამოხატავს ამ სოლიდარობას. ისიც გვესმის კარგად, რომ ევროპისკენ აჩქარებული პროცესი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, მათი სისხლით და ტანჯვით მიღწეული. უკრაინამ გაიარა საოცარი ბრძოლები, მისმა მეომრებმა აჩვენეს მსოფლიოს მამაცობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითი. პატივი მინდა, მივაგო უკრაინელ და ქართველ გმირებს, რამეთუ ისინი, ყველა იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. 26 მაისი სხვა რა არის, თუ არა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული. ჩვენ ვიცით და არ დავივიწყებთ, რომ უკრაინა დღეს იცავს არა მ ხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენობას, დამოუკიდებლობას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას, იცავს რა ერთიან, ძლიერ, თავისუფალ ევროპულ მომავალს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.