თამარ არჩუაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ, LUFTHANSA GROUP-ის მენეჯმენტს შეხვდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, თამარ არჩუაძე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში LUFTHANSA GROUP-ის გაყიდვების უფროსს, პეტერ პულემსა და რეგიონულ მენეჯერს, კარსტენ ცანგს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ავიაბაზარზე LUFTHANSA GROUP-ის წევრი სხვა ავიაკომპანიების შემოსვლის პერსპექტივებსა და არსებულ მოლაპარაკებებს შეეხო. ,,გვსურს, რომ LUFTHANSA GROUP-ი საქართველოს ავიაბაზარზე მაქსიმალურად პროდუქტიულად ვიყოთ წარმოჩენილი. მათ შორის, ჩვენი სხვა ბრენდებით, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვოპერირებთ”, – განაცხადა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში LUFTHANSA GROUP-ის გაყიდვების უფროსმა, პეტერ პულემმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ ეტაპზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 7 სიხშირით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მიუნხენის მიმართულებით ავიაკომპანია LUFTHANSA ასრულებს, ხოლო დულესდორფის მიმართულებით LUFTHANSA GROUP-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EUROWINGS, რომელიც ზაფხულის სეზონიდან ფრენებს შტუტგარდი-თბილისის მიმართულებით იწყებს.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, პირდაპირ რეგულარულ რეისებს გერმანიის სამ ქალაქში: ბერლინში, დორტმუნდსა და მემინგენში ავიაკომპანია WIZZ AIR ასრულებს. LUFTHANSA GROUP-ში შემავალი ავიაკომპანიებია: LUFTHANSA, EUROWINGS, AUSTRIAN, SWISS, BRUSSELS AIRLINES.