შალვა პაპუაშვილი: ზოგი ოპოზიციური პარტია ფაცი-ფუცით არის დაკავებული, მიზანმიმართულ საქმიანობას ვხედავთ, რათა ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მონიჭება
“საზოგადოება და „ქართული ოცნება“ დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარეს. რაც შეეხება ზოგ ოპოზიციურ პარტიას, სწორედ ფაცი-ფუცით არიან დაკავებულები. ჩვენ მიზანმიმართულ საქმიანობას ვხედავთ იმისთვის, რომ ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მონიჭება”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის დროსაც ანალოგიური ვითარება იყო შექმნილი.
“რაც შეეხება ზოგადად ევროკავშირში ინტეგრაციას, ყველაზე აბსურდი ამ დისკურსში არის ის, რომ ამას საუბრობენ ის პოლიტიკური პარტიები და ძალები, რომლებსაც თითი თითზე არ დაუდიათ ამ ინტეგრაციისთვის. „ქართული ოცნება“ ის პარტიაა, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას. ხან უნდათ იმის თქმა, რომ თითქოს, ეს იყო“ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შეთანხმებული. საერთოდ არაფერი არ იყო შეთანხმებული – „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო, ხელმოწერა კიდევ წლები გადაიდებოდა. ჰკითხეთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც მაშინ ჩართული იყო ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკების პროცესში, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება, მათ შორის რეგულაციებთან დაკავშირებით, ასოცირების შეთანხმებაში შემაფერხებელი იყო. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელში შეძლო და ეს შეთანხმება ტექსტუალურად შეათანხმა ევროკავშირთან და ხელი მოაწერა. 2020 წელს, როდესაც საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად გამოვაცხადეთ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება, სხვა პარტიები ამას ცინიკურად ეკიდებოდნენ, საქართველოს ასეთი პერსპექტივაზე ფიქრი არ უნდოდათ. დღეს ამ პარტიებს უნდათ თავი წარმოადგინონ, თითქოს ამ კუთხით მოწინავეები არიან. ეს არის ფაცი-ფუცი, თითქოს საკუთარი ხმამაღალი განცხადებით აჩვენებენ ქართულ საზოგადოებას, რომ ისინი ევროპულები არიან.
საზოგადოება და „ქართული ოცნება“ დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარეს. რაც შეეხება ზოგ ოპოზიციურ პარტიას, სწორედ ფაცი-ფუცით არიან დაკავებულები. ჩვენ მიზანმიმართულ საქმიანობას ვხედავთ იმისთვის, რომ ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მონიჭება. მეორდება სიტუაცია, ეს არის დეჟავუ, რომელიც იყო ვიზალიბერალიზაციის დროს. ნებისმიერ ადამიანს, რომ ჰკითხოთ, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მათ შორის, ევროკავშირში შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელს, ყველა გეტყვით, თუ როგორც ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაეშალა ვიზალიბერალიზაცია. მოუწოდებდნენ, რომ არ მიეცათ, დღესაც ამით არიან დაკავებულები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.