ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული შეხვედრა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში შედგა.
მხარეებმა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი კავშირების გაძლიერებაში საპარლამენტო კავშირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მიმოიხილეს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესის მნიშვნელოვანი ასპექტები.
შეხვედრაზე მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქტიურად იმუშავებენ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საპარლამენტო ასამბლეის შექმნაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები უხელმძღვანელებენ.
ამას გარდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალ წელს, სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში გაიმართება. აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებაში.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა, ასევე, გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ელნურ მამედოვთან, სადაც მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესია და მისი გავლენა რეგიონზე, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამომავლო ნაბიჯები ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების, ვაჭრობის გაზრდის და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.
საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალ სამშვიდობო ინიციატივებსაც.
„გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით მილი მეჯლისის სპიკერს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და რეგიონულ საკითხებზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სტრატეგიული კავშირები ასეთი მტკიცე ჯერ არ ყოფილა. ვმუშაობთ ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რადგან სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობასა და ერთობლივ ნაბიჯებზე. მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ვიმუშავებთ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საპარლამენტო ასამბლეის შექმნაზე, რომელიც თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს ჩვენს საპარლამენტო კავშირებს. ეს იქნება სამი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ფორმატის მუშაობის შედეგი თუმცა, ჩვენი ფორმატი პარალელურად გააგრძელებს მუშაობას. დაგეგმილი გვაქვს, რომ მორიგი შეხვედრა მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოში გავმართოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა უკვე მიიღო საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც სამ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მხარეებს შესაძლებლობა აქვთ განიხილონ რეგიონში მიმდინარე გამოწვევები, სამმხრივი სტრატეგიული კავშირები და ერთობლივი ნაბიჯები, რომელიც მიმართულია რეგიონში მდგრადი განვითარების, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად.