მე მგონი შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტად იტყვის სიტყვა რუსეთს, პუტინს ვინ მეტჯერ ახსენებს და მე მგონი შეუყვარდათ ამასობაში რუსეთი და პუტინი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად რუსეთის, პუტინის და ოკუპანტის საქმეს ოპოზიციის წარმომადგენლები აკეთებენ.
„მათ აქვთ ე.წ. მესიჯბოქსი დალაგებული, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ საქმეს აკეთებს, მე მგონი შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტად იტყვის სიტყვა რუსეთს, პუტინს ვინ მეტჯერ ახსენებს და მე მგონი შეუყვარდათ ამასობაში რუსეთი და პუტინი. ჟურნალისტიდან დაწყებული, პოლიტიკოსით გაგრძელებული, ვინც ომისა და ღალატის პარტიას წარმოადგენენ. ამ დროს რეალურად სწორედ ისინი აკეთებენ რუსეთის, პუტინის საქმეს და ოკუპანტის საქმეს.
მაგალითად, როდესაც ისინი აშშ-ის საელჩოს პირდაპირ, უაპელაციოდ აბრალებენ, რომ მათ მოახდინეს დისკრიმინაცია კონკრეტული მოსამართლის, კონკრეტული „ქეისის გამო“, თითქოს ისინი ცდილობენ ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. ამას, მაგალითად სახალხო დამცველი, არა თუ ასე ამბობს და აბრალებს, არამედ მხარს უჭერს და იწონებს დისკრიმინაციის ამგვარ გამოხატვას. მეტი პარადოქსი რა შეიძლება იყოს?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.