საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გორის ცენტრალურ გამზირზე  მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომლის ღირებულებაც 14.4 მილიონი ლარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში, გორის ცენტრალურ გამზირზე  მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომლის ღირებულებაც 14.4 მილიონი ლარია. პროექტი ზაფხულში დასრულდება და უკვე დაგეგმილია მიმდებარე პარკის რეაბილიტაციაც.

„განახლებული რეგიონების” პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები, რაც დადებითად აისახება შენობების  გათბობის ხარჯებზე. მოეწყო ტროტუარები, განათებები და რეკრეაციული სივრცეები.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულში დასრულდება გორში “ახალბაღის” პარკის რეაბილიტაციაც, რომლის სამუშაოები მსოფლიო ბანკმა 9,1 მილიონი ლარით დააფინანსა. პროექტი მოიცავს პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას, არსებული ფანჩატურების რეაბილიტაციას და ახლების შექმნას, ახალი საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, არსებული ხელოვნური ტბისა და სპორტული ზონის მოწყობა.

გარდა ამისა, გორში დასრულდა ისტორიული სამეფო ქუჩის რეაბილიტაციაც. პროექტი მსოფლიო ბანკმა 2,1 მილიონი ლარით დააფინანსა და ითვალისწინებდა გზის სავალი ნაწილის, ტროტუარების, დრენაჟების, განათების და საგზაო ნიშნების მოწყობას.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული მასშტაბური სამუშაოები ქალაქს ტურისტულად უფრო მიმზიდველს გახდის.

პრემიერის ინიციატივით, „განახლებული რეგიონების” 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულებამ 500 მილიონი ლარი შეადგინა.

მოცემულ ეტაპზე, უკვე გამოცხადდა პროგრამა „განახლებული რეგიონების” მეორე ეტაპის სამუშაოების ტენდერი ყვარელში, თელავში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, ვანში, ხონში, რუსთავში, გორში, ფოთში, ქუთაისში, ტყიბულსა და ბათუმში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები