განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების საკითხებზე იმსჯელეს
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები და დევნილობაში მყოფი მოქალაქეების განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომის განხილვის თემა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სხდომაზე აფხაზეთის მთავრობის სისტემაში შემავალ სკოლებში განათლებისა და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ მოხსენება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ეკა ხოფერიამ წარადგინა.
„ჩვენ დღეს მოვისმინეთ ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრის, ეკა ხოფერიას მოხსენება, რომელმაც საკმაოდ საინტერესო ინიციატივებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც შეიძლება ქმნიდნენ გარკვეულ გამოსავალს ოკუპაციის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში. წარმოდგენილი იყო ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი უწყებათაშორისი ძალისხმევის კოორდინაციის მეშვეობით ჩვენ შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც ოკუპაცია წარმოშობს აფხაზეთსა და ცხინვალში განათლების თვალსაზრისით“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.
პარლამენტის ცნობით, სხდომის მნიშვნელოვანი ნაწილი დახურულ ფორმატში წარიმართა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის და ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.
მათივე ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ენის პალატის წარმომადგენლები.