სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების საფუძვლების ჩამონათვალი გაფართოვდება
სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების საფუძვლების ჩამონათვალი გაფართოვდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „იურიდიული დახმარების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების საფუძვლების ჩამონათვალი გაფართოვდება.
პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე, გადახდისუუნარო დაზარალებულს ექნება უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც გულისხმობს როგორც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, ისე სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის დაცვას სახელმწიფოს ხარჯზე.
ანალოგიური უფლება მიენიჭება იმ დაზარალებულსაც, რომელიც კანონის მიხედვით არ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, თუმცა მის მიმართ სახეზე იქნება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გარემოება: • წინა 12 თვის განმავლობაში მისი, როგორც ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6 000 ლარს, ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ცნობის გაცემის მომენტისთვის არსებული თანხის ოდენობა არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს.
სხვადასხვა კომერციულ ბანკში ან ერთ ბანკში ერთზე მეტი ანგარიშის არსებობისას, კანონპროექტით განსაზღვრული თანხის ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება ამ ანგარიშებზე არსებული თანხის ჯამური ოდენობა; • პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დასტურდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.
„ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემდეგ, იმ ქალებს, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლნი და ეძიებენ სამართალს, ექნებათ უკეთესი შესაძლებლობა მოქმედი კანონმდებლობით და ინსტიტუციების მეშვეობით უფრო მეტად მიუწვდებოდეთ ხელი დაცვის ღონისძიებებზე”, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კანონპროექტის წარდგენისას.