გენდერული თანასწორობის საბჭოში „თანასწორობის თაობის“ ფორუმის ფარგლებში აღებული ვალდებულების აღსრულების პროცესზე იმსჯელეს

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფი იმ პარტნიორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მიერ „თანასწორობის თაობის“ ფორუმის ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულების – ქალების გაძლიერება ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში აღსრულების პროცესში არიან ჩართულები.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, მარიამ ლაშხის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შედგა ვალდებულების შესრულების პროცესის მიმდინარეობაზე და ასევე, დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები.

„გაეროს კოალიციის ფარგლებში, აღებული გვაქვს ვალდებულება ქალების ტექნოლოგიებში ინტეგრაციის ნაწილზე. გარკვეული შედეგები უკვე გვაქვს, მიმდინარეობს რამდენიმე პროექტი, თუმცა, კიდევ უფრო გასაძლიერებელია ეს აქტივობა. იმისთვის, რომ მოხდეს ქალების ინტელექტუალური რესურსის გამოყენება, განსაკუთრებით, მათი ყველაზე უფრო მაღალმოთხოვნად და მაღალანაზღაურებად სფეროში ჩართვა და არსებული ბარიერების აღმოფხვრა, ამაზე ერთობლივად ვმუშაობთ და ყოველწლიურად გვექნება ანგარიშგება. ვალდებულება ხუთწლიანია და ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური წინსვლა გვექნება, როგორც საბიუჯეტო ნაწილში, ასევე, აქტივობების ნაწილში ქალთა ჩართულობის კუთხით“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველო, „თანასწორობის თაობის“ გლობალურ მოძრაობას გასულ წელს შეუერთდა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის ახალი ვალდებულებები ორი მიმართულებით აიღო.

ერთი მიმართულება, ეს არის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და მეორე – ქალების გაძლიერება ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები