აშშ-ის საელჩო: ვემშვიდობებით ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელს, ქართველ-ამერიკელ პიანისტ ალექსანდრე „ლექსო” თორაძეს

საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართველი პიანისტის, ალექსანდრე „ლექსო” თორაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„დღეს ვემშვიდობებით ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელს, ქართველ-ამერიკელ პიანისტ ალექსანდრე-ლექსო თორაძეს. მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს და ყველას, ვისაც მისი შემოქმედება შეეხო, ლექსო თორაძე ძალიან დააკლდება. ვუსამძიმრებთ ლექსოს ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და უამრავ მოსწავლეს, მათ შორის, აშშ-ის ტრანსპორტირების სახელმწიფო მდივან (და პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ) პიტ ბუტიჯეჯს, რომელიც ერთ დროს ინდიანას უნივერსიტეტში თორაძის საფორტეპიანო სტუდიაში ყოველკვირეულად სწავლობდა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს სამძიმრის ტექსტში.

შეგახსენებთ, ლექსო თორაძე 11 მაისს 69 წლის ასაკში, აშშ-ში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ლექსო თორაძე თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული.

ქართველ პიანისტს დღეს თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები