დავით ზალკალიანი ამერიკელ სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა
საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა აშშ-ის სენატორ ლინდსი გრემთან. ამის შესახებ ინფორმაცია დავით ზალკალიანის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
„ელჩმა მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ.
ელჩმა სენატორს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოსვე მხარდამჭერ ქმედებებზე უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, როგორიცაა აშშ-ის ფისკალური წლის საბიუჯეტო კანონი და თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მხარდამჭერი აქტის პერსპექტივას, კერძოდ, შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს ექნება განგრძობითი ხასიათი აშშ-ის სენატში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.