უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პროპაგანდისტული განცხადებები ახალი „სასწაული იარაღის“ გამოყენების შესახებ, უკრაინაში შეჭრის სრულ მარცხზე მიუთითებს.
ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“დღეს რუსეთის სახელმწიფოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა უკრაინაში თითქოს ლაზერული იარაღის კომპლექსების გამოყენება დაიწყეს, ვითომდა, რაკეტების დაზოგვის მიზნით.
პირველ ყოვლისა, ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ მათ რაკეტების ეკონომია უწევთ და ამის როგორღაც ახსნა. ანუ 2000-ზე მეტი რაკეტა, რომელიც რუსეთის არმიამ უკრაინაში გაუშვა, მათი რაკეტების მარაგის ძირითადი ნაწილი იყო. გამოდის, ნარჩენები შერჩათ.
მეორეც, ყველამ უკვე დაინახა, როგორ იბრძვის რუსეთი – გამოუცდელი წვევამდელებით, რომლებსაც ბრძოლის ველზე “საზარბაზნე ხორცად” იყენებენ, მძარცველებით, რომლებიც პირველად ხედავენ ნორმალურ საყოფაცხოვრებო ტექნიკას უცხო ქვეყანაში, მოძველებული საბჭოთა “ჯავშანით”, თანამედროვე თავდაცვის გარეშე და აკრძალული ფოსფორის ბომბებით, რომლებთაც ისინი სკოლებისა და ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობების დასაწვავად იყენებენ, რაკეტები, რომელთა უმეტესობა რუსულმა არმიამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე დახარჯა, ყოველგვარი სტრატეგიული სამხედრო შედეგის გარეშე. ამ დღეებში ისინი რაკეტებს ესროდნენ მიკოლაევს, ასევე – დნეპრს”, – თქვა მან.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაცისტური გერმანიის პროპაგანდაში იყო ასეთი ტერმინი „ვუნდერვაფე“ – “სასწაული იარაღი”.
„რაც უფრო ცხადი ხდებოდა, რომ მათ ომში არანაირი შანსი არ ჰქონდათ, მით მეტი იყო პროპაგანდისტული საუბრები სასწაულ იარაღზე, რომელიც, თითქოს, იმდენად ძლიერი იქნებოდა, რომ ომში გარდატეხას შეიტანდა. და ახლა, ომის მესამე თვეს რუსეთი ცდილობს, საკუთარი “ვუნდერვაფი” იპოვოს, თითქოს, ლაზერული. ეს ყველაფერი შეჭრის სრულ მარცხზე მიანიშნებს”, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge