ირაკლი ზარქუა – გვარამიაზე: თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ არაჯანსაღი პროცესის მსხვერპლი გახდა, აგერ არის საერთაშორისო სასამართლო, კეთილი ინებოს და იქ დაამტკიცოს
დარწმუნებული ვარ, ამ თემის განხილვა იქნება საერთაშორისო სასამართლოში, მერე მოგვეცემა შესაძლებლობა, შევაფასოთ, სწორი გადაწყვეტილება იქნა თურმე მიღებული საქართველოს სასამართლოს მიერ თუ არასწორი, პოლიტიკური ზეწოლა იყო თუ არ იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას დაჭერა არავის გახარებია, თუმცა, კომპანიის კუთვნილი 7 მილიონის გაფლანგვის გამო მან პასუხი უნდა აგოს.
“ვწუხვარ, ნამდვილად არ გამიხარდა და არავის უხარია გვარამიას დაჭერა, თუმცა, 7 მილიონს რომ გაუფლანგავ კომპანიას თუ მოჰპარავ, ამაზე არის პასუხისგება. ვინც გულწრფელად არის შეშფოთებული და ინფორმაცია არ აქვს, მე ვურჩევდი, არ იჩქაროს, დაელოდოს ინსტანციებს, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ამ თემის განხილვა იქნება საერთაშორისო სასამართლოში და მოგვეცემა შესაძლებლობა შევაფასოთ, სწორი გადაწყვეტილება იქნა თურმე მიღებული საქართველოს სასამართლოს მიერ თუ არა, იყო პოლიტიკური ზეწოლა თუ არ იყო. თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ არაჯანსაღი პროცესის მსხვერპლი გახდა, აგერ არის საერთაშორისო სასამართლო, კეთილი ინებოს და იქ დაამტკიცოს”, – განაცხადა ზარქუამ.