საქართველოს საელჩო საფრანგეთში: სრულიად გაუგებარი და მიუღებელია ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად წარმოჩენა
საფრანგეთში საქართველოს საელჩო ეხმიანება პარიზის რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის ოფიციალურ საიტზე და “ინსტაგრამ” გვერდზე გამოქვეყნებულ, ნიკო ფიროსმანის დაბადების 160 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელშიც ნიკო ფიროსმანი მოხსენიებულია „რუს-ქართველ“ მხატვრად.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სრულიად გაუგებარი და მიუღებელია ქართველი მხატვრის მოხსენიება ტერმინით „რუს-ქართველი“.
„გამორჩეული ქართველი პრიმიტივისტის, მსოფლიო ნაივური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენლის, ნიკო ფიროსმანის მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენთვის გასაგებია, მისი 160 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებები. ამავდროულად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია ქართველი მხატვრის მოხსენიება ტერმინით „რუს-ქართველი“.
საელჩო შეახსენებს, რომ ნიკო ფიროსმანი არის ქართველი მხატვარი, ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი, რომელიც განუმეორებელი ნიჭით დაჯილდოებული ხატავდა იმდროინდელი საქართველოს ცხოვრების სცენებს.
ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის მიერ ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად წარმოჩენა, რაც კულტურული რევიზიონიზმის უხეშ ფორმას წარმოადგენს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.