სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილის შეწყალებაზე აზრს არ შევიცვლი
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა.
მისივე თქმით, შეწყალებაზე აზრს არ შეიცვლის.
“ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არ ეხება შეწყალებას, ამაზე ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი. მე მიმაჩნია, რომ დღეს აუცილებელია, ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი იყოს გაკეთებული, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს, რაც ეკადრება ქვეყანას”, – აცხადებს პრეზიდენტი.
რაც შეეხება საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობას, ზურაბიშვილის თქმით, ამის აუცილებლობა დადასტურებული არ არის.
“მე ამას ვერ შევაფასებ. სანამ ეს არ არის დადასტურებული, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არის ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში” გუშინ, 12 მაისს გადაიყვანეს.