მეუფე შიო: უფალმა ინებოს, რომ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, გამთლიანდეს და გაძლიერდეს

“ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა და ანდრია პირველწოდებულის ხსენება ერთმანეთისგან განუყოფელია – უფალმა ინებოს, რომ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, გამთლიანდეს და გაძლიერდეს”, – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.

“ეს ორი მოვლენა, ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა და ანდრია პირველწოდებულის ხსენება, ერთმანეთისგან განუყოფელია. თქვენ გახსოვთ, „ქართლის ცხოვრებაში“ როგორ არის აღწერილი ეს უდიდესი მოვლენა. როდესაც მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ქალწულმაც მოისურვა წილის ყრაში მონაწილეობა და მას საქადაგებლად ხვდა ჩვენი სამშობლო, მაგრამ უფალი იესო ქრისტე შეაჩერებს მას და ეტყვის ასეთ სიტყვებს, რომ „მე არ უგულებელვყოფ შენდამი წილხვდომილ ერს, რომელიც არის ერი საზეპურო, ხოლო შენ შენს ნაცვლად წარავლინე წმინდა ანდრია მოციქული და თან წარატანე ხატი შენი“. ასეთი სიტყვებია. შემდეგ ყოვლადწმინდა ქალწული აი, ამ ლოცვა-კურთხევას გადასცემს წმინდა ანდრია მოციქულს და აუწყებს, რომ „გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი და მიბრძანა, რათა შენ წარხვიდე და წარასვენო სახე ჩემი სახიერისა ძისა ჩემისა ქვეყანასა ჩემსა წილხვდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელი ცხოვრებისა მათისა და ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ; და არავინ მტერთაგან მძლე ექმნეს მათ“. ასეთი საოცარი სიტყვებია, რომ „არავინ მტერთაგან მძლე ექმნეს ქართველთა ერსა და მე ვიქნები განმგებელი მათი ცხოვრების, და ხელი აღვუპყრა და შევეწიო მათ“.

აი, ეს, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის ორი დიდი ნიშანი იმ ზეპურობისა, რომელზეც უფალი იესო ქრისტე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ესაუბრება. ეს ჩვენი ზეპურობის ნიშნები, რა თქმა უნდა, კიდევ სხვაც არის. უპირველეს ყოვლისა, ეს არის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის მობრძანება და დავანება საქართველოში, მცხეთაში და კიდევ სხვა ნიშნები, რომლებიც ავლენენ უდიდეს სიყვარულს უფლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა ჩვენდამი, ჩვენი ერისადმი, ავლენენ განსაკუთრებულ მფარველობასა და სიყვარულს; და ჩვენ დღეს ვმადლობთ ამისთვის ღვთისმშობელს, უფალს და ვფიქრობთ, რით დავიმსახურეთ ესოდენ დიდი მადლი და წყალობა, მაგრამ ალბათ – არაფრით. საერთოდ, ეს ღვთის წყალობაა მხოლოდ და მისი სიყვარულია. როგორ ნამდვილი სიყვარული ვერასდროს უპასუხებს ამ შეკითხვაზე, თუ „რისთვის მიყვარს, რატომ მიყვარს“, ნამდვილ სიყვარულს არასდროს აქვს „რისთვის და რატომ“. ამ ყველაფერზე აღმატებულია. დიდება და მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის.

დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულთან დაკავშირებით იყო წაკითხული სახარება, სადაც მოთხრობილია მოციქულების გამორჩევის შესახებ – ანდრია პირველწოდებულის, პეტრესი, იოანე ღვთისმეტყველის, ფილიპესი და ნათანაელისა. ეს მონაკვეთი დღეს არის ამორჩეული განსაკუთრებით იმიტომ, რომ საუბარია ანდრია მოციქულზე, ასევე ეს მონაკვეთი გამოირჩევა თავისი მესიანური შინაარსით.

უფალმა ინებოს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, გამთლიანდეს და გაძლიერდეს, ამინ!”, – განაცხადა მეუფე შიომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები