გია ვოლსკი – თავდებობის ინიციატივაზე: მთავარი ამოცანა სააკაშვილის გაყვანაა, მისი ჯანმრთელობა არავის აინტერესებს
რაც შეეხება თავდებობას, მთავარი ამოცანაა სააკაშვილის გაყვანა, მისი ჯანმრთელობა არავის აინტერესებს. ჯანმრთელობის შერყევა ერთადერთ მექანიზმად აქვთ გამოყენებული, რომ მთავარი მისია შეასრულონ და სააკაშვილი საზღვარგარეთ გაიყვანონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის არც სამედიცინო და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
“ამის საფუძველი არც სამედიცინო თვალსაზრისით და არც სამართლებრივად არ არსებობს, რადგან ფორმულა, რომ თავდებობა წარმოადგენს პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის საფუძველს, კანონმდებლობაში არ არსებობს. მათი ერთ-ერთი სტრატეგიული გეგმა და ამოცანა საზოგადოებისთვის დეზინფორმაციის მიწოდებაა.
მიხეილ სააკაშვილს ყოველდღე მოუწოდებდნენ, შიმშილობა არ შეეწყვიტა ლეტალური შედეგიც რომ დამდგარიყო. ანუ, სიცოცხლის ფასად შეესრულებინა მისი ე.წ. მისია. მის მიმართ მოწოდებებს ინტენსიური ხასიათი ჰქონდა, საზოგადოებისთვის მისი ავტორებიც ცნობილი იყო. რასაკვირველია, ეს ყველაფერი გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებზე იყო ორიენტირებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.