ირაკლი კობახიძე: საგარეო კურსი ურყევია და მასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება ცარიელი სპეკულაციაა
ლეგიტიმური ეჭვებია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, უფრო ფართო ინტერესი არსებობდეს, რათა საქართველო ამ სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საბედისწერო ომი იქნება. შესაბამისად, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან აქვე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ასევე რამდენიმე უკრაინელი კოლეგის განცხადებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ საგარეო კურსთან დაკავშირებული სპეკულაციები კოორდინირებულია.
„რაც შეეხება საგარეო კურსთან დაკავშირებით სპეკულაციებს, ეს ცარიელი სპეკულაციაა. მეორე ფრონტზე კი შეგახსენებთ, რომ კოორდინირებული მოქმედებაა საქართველოში – კონკრეტული ადამიანები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შიდა და გარე სპიკერებით, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებებს ომთან და „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით, ესენი იყვნენ როგორც პოლიტიკოსები, გახსოვთ მარგველაშვილისა და უსუფაშვილის განცხადებები, ასევე ლომჯარიასა და გიგაურის განცხადებები და ე.წ. მათი გარე სპიკერების განცხადებები. მეორე მხრივ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მუდმივი განცხადებებია იმასთან დაკავშირებით, რომ სასურველია, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას; მათ შორის, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ დღეს რუსული ჯარი დაკავებულია მხოლოდ უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მკვლელობით და კარგი იქნება, თუ ახალი საქმე გამოუჩნდება სხვა ქვეყანაში, იგულისხმა საქართველო. როცა ასეთი განცხადებები უკრაინის ხელისუფლებისა და არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან კეთდება, აქაც არის კოორდინაცია და იქაც არის.
ლეგიტიმური ეჭვებია იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება, უფრო ფართო ინტერესი არსებობდეს, რომ საქართველო ამ სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საბედისწერო ომი იქნება. შესაბამისად, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო კურსს, კურსი ურყევია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში, რეზოლუციებში. აქედან გამომდინარე, საგარეო კურსთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება ცარიელი სპეკულაციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.