“უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით თურქეთისა და ყაზახეთის პოზიციები ემთხვევა” – ერდოღანი
უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხში თურქეთისა და ყაზახეთის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, – ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში ვიზიტად მყოფ ყაზახელ კოლეგასთან, ქასიმ-ჯომარტ ტოკაევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში არსებული ვითარება. ვთანხმდებით, რომ კრიზისი უნდა გადაწყდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში“, – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთი და ყაზახეთი აპირებენ ორ ქვეყანას შორის წლიური სავაჭრო ბრუნვის გაორმაგებას, 10 მილიარდ დოლარამდე.
მანვე აღნიშნა, რომ გასულ წელს ორმხრივი ვაჭრობა, 2020 წელთან შედარებით 58%-ით გაიზარდა და ზრდის კარგი დინამიკა აჩვენა.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება გააგრძელებს ადგილობრივი კომპანიების წახალისებას ყაზახეთის ეკონომიკაში ინვესტიციებისთვის.
მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა ხელი 15 დოკუმენტს მოაწერეს, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
ტოკაევი თურქეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით 10 მაისს ჩავიდა. დღეს ის ბიზნეს-ფორუმშიც მიიღებს მონაწილეობას.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge