დავით სერგეენკო: სააკაშვილთან მნახველების დაშვების საკითხი მეათასეხარისხოვანია, პირველი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურის სწორი დაგეგმვაა

მეათასეხარისხოვანია სააკაშვილთან მნახველების დაშვების საკითხი. პირველი პაციენტის ინტერესი და სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურის სწორი დაგეგმვაა. მნახველი შევა თუ არა, ეს ყველაფერი გაირკვევა. ექიმებს მუშაობა ვაცადოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისას თუ გამოიკვეთება რაიმე სახის საჭიროება, რისი მოგვარებაც არ შეიძლება ადგილზე და გადასაყვანია სხვაგან – ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით, ეს ყველაფერი კონსოლიუმის დასკვნაში აისახოს.

“როცა კითხვები ან გარემოებები ჩნდება იმაზე, რისი მოგვარებაც იქ რთულია, დგება კონსილიუმი, რაც ნიშნავს არა იმას, რასაც აქამდე ვუყურებდით, როცა სპეციალისტების ჯგუფი შედიოდა, სიტუაციას სწავლობდა, დასკვნას წერდა და აგზავნიდა მკურნალ ექიმებთან, ამას ჰქვია კლინიკური აუდიტი, კონსილიუმი კი, სულ სხვა რამეა. კონსილიუმია, როცა მკურნალი ექიმები და სპეციალისტები ერთად სხდებიან, ყველა არგუმენტს აჯერებენ, დასკვნას დებენ და არ აგრძელებენ მიმოწერას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. თუ ამ დასკვნაში გამოიკვეთება რაიმე სახის საჭიროება, რისი მოგვარებაც არ შეიძლება ადგილზე და გადასაყვანია სხვაგან – ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით, ეს ყველაფერი იქ უნდა აისახოს.

ამ სიტუაციაზე რა წარმოდგენაც შევიქმენი და კონტურები, სასჯელაღსრულებაში არავის არ აქვს წითელი ხაზები გავლებული იმაზე, რომ რაც სჭირდება ადამიანს, ის გაუკეთდეს, თუმცა ეს უნდა გაკეთდეს ასე და არა პოლიტიკური დემარშებით და ნაბიჯებით. აქ არ ვგულისხმობ ოჯახს, მათი პოზიცია გასაგებია. ექიმებს თავისი საქმის გაკეთება უნდა ვაცადოთ. მეათასეხარისხოვანია მნახველების დაშვების საკითხი. პირველი პაციენტის ინტერესი და სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურის სწორი დაგეგმვაა. მნახველი შევა თუ არა, ეს ყველაფერი გაირკვევა. ექიმებს მუშაობა ვაცადოთ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, კონსილიუმი სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში გაემართება თუ კერძო კლინიკაში, ეს პრინციპულად არაფერს ცვლის.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები