“მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ გადაყვანაზე თანახმაა, თუმცა, დღეს წასვლაზე უარს აცხადებს”

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა, თუმცა, დღეს გადასვლაზე უარს აცხადებს.

კობა ნაყოფიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დედასა და შვილთან აქვს შეხვედრა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებაში საუბარია არა სამკურნალოდ, არამედ გამოკვლევების მიზნით გადაყვანაზე.

“მას [მიხეილ სააკაშვილს] უკვე აცნობეს, სანამ მე შევიდოდი, რომ ის იქნებოდა გადაყვანილი, უბრალოდ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ იქ არ არის საუბარი მის მკურნალობაზე, საუბარია მხოლოდ გამოკვლევებზე, ანუ მას შესთავაზეს, რომ „ვივამედში“ გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში.

მას შესთავაზეს, რომ ეს მომხდარიყო დღეს, რაზეც განუცხადა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს ეძლევა შესაძლებლობა – შეხვდეს ოჯახის წევრებს, რის გამოც მოუწია უარის თქმა.

მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში მზად არის გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე. მაგრამ საუბარი იყო, რომ დღეს ვერ წავიდოდა, ვინაიდან შეხვედრა აქვს ოჯახთან”, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები