არმაზ ახვლედიანი: შევქმნათ ჯგუფი, სადაც ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე ვიმსჯელებთ

პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა კოლეგებს შესთავაზა პარლამენტში შეიქმნას ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც დეპუტატები ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ.

„გთავაზობთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ პარლამენტში შევქმნათ ჯგუფი, დაკომპლექტებული უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლობით, სადაც ვიმსჯელებდით იმ თემებზე, რაზეც საუბარს ვერ ვახერხებთ საპარლამენტო რეგლამენტის, სხვა პროცედურების გამო.
შესაძლოა, კამერების თვალწინ ეს არ გამოგვდის. შეიქმნას ასეთი ჯგუფი და განვსაზღვროთ რამდენიმე, ყველაზე არსებითი საკითხი დღევანდელი საქართველოსთვის. აქ არაერთ საკითხზე უკვე იყო საუბარი ორივე მხრიდან – იქნება ეს უკრაინასთან პოზიციონირება, ევროკავშირის კითხვარი, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ მრავალი სხვა. ვფიქრობ, საბოლოოდ, ამ ჩვენი მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი აზრი, მიზანი, ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ამ სხვადასხვა თემის განხილვის და შესაძლოა კონსენსუსის პოვნით, მოვახერხოთ და ვიპოვოთ კონსენსუსი უმთავრეს საკითხზე, რის გამოც არის, ფაქტობრივად, ძალიან დიდი უნდობლობა ჩვენი საზოგადოებისა პოლიტიკის, პოლიტიკოსების, თქვენს მიმართ, ჩვენს მიმართ, ყველას მიმართ, იმიტომ, რომ დავაბინძურეთ ეს სივრცე.
ისე დავაბინძურეთ, რომ, ფაქტობრივად, აღარც ექვემდებარება გასუფთავებას, გაწმენდას. ჩვენ ვისაუბრებდით და უმთავრეს ამოცანად ჯგუფისთვის ამას ვხედავ – როგორ შევქმნათ რეალურად და არა მხოლოდ სიტყვით და სხვადასხვა ჩანაწერით კანონმდებლობაში, გარემო, როცა მომდევნო არჩევნების შედეგს ცნობს საქართველოს საზოგადოება.
ცნობს ნებაყოფლობით, ძალდატანების გარეშე, ცნობს იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იქნება ნორმალური, მეტნაკლებად დემოკრატიული და სამართლიანი მაინც პირველ ჯერზე. თუ ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთ, ერთ დღეს შეიძლება ისეთ კრიზისში აღმოვჩნდეთ, რომ ყველა საუბარი იყოს გვიან”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება თუკი ამ პროცესში საზოგადოების წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები