იაგო ხვიჩია: არ მინდა, მონაწილეობა საცირკო წარმოდგენაში მივიღო
“ნაციონალური მოძრაობა” აქამდეც მზად იყო მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩადგომოდა”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ამ და სხვა ინიციატივებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მხარს მაშინ დაუჭერს, თუ “ნაციონალური მოძრაობა” დაშლას გადაწყვეტს.
“თუ “ნაციონალური მოძრაობა” სერიოზულად შეხედავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს, გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ კანონპროექტს და სხვა ინიციატივებსაც, რომლებიც მიმართული იქნება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ თუ გათავისუფლებისკენ. ამ ინიციატივას, მე მგონი, სერიოზულობა აკლია იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ ვიცით, “ნაციონალური მოძრაობა” აქამდეც მზად იყო, თავდებში ჩადგომოდა მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ეს არ გამოდის, მე კი არ ვარ წინააღმდეგი, უბრალოდ არ გამოვა ასე, არ მინდა მონაწილეობა საცირკო წარმოდგენაში მივიღო, რომელსაც შინაარსი არ ექნება”, – აცხადებს ხვიჩია.
ცნობისთვის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგებიან, რაც იმას გულისხმობს, რომ უცხოეთში მისი სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოფენ, რომ მკურნალობის შემდეგ მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდეს და სასამართლოს წინაშე წარდგეს.