ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი არ განიხილება, რომ კანონმდებლობა თავდებობას ითვალისწინებდეს
“სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი არ განიხილება, რომ კანონმდებლობა თავდებობას ითვალისწინებდეს, ასეთი რამ გამორიცხულია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს, პარლამენტს მიმართოს, რომ, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, თავდებში ჩაუდგებიან, რომ მკურნალობის შემდეგ ის დაბრუნდება.
ღუდუშაურის თქმითვე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ ექსპრეზიდენტი პასუხისმგებლობას აარიდონ.
„ნაციონალურ მოძრაობაში” არიან იურისტები და ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი არ განიხილება, რომ კანონმდებლობა თავდებობას ითვალისწინებდეს, ასეთი რამ გამორიცხულია. სააკაშვილი მსჯავრდებულია არაერთ მძიმე დანაშაულში, შესაბამისად, აქ წარმოუდგენელია რაიმე ახალი ველოსიპედის მოგონება. საქართველო პატივს სცემს საკუთარ და საერთაშორისო კანონმდებლობას, დადგენილი კანონების და ნორმების შესაბამისად მოქმედებს სახელმწიფო. „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური წარმომადგენლები ცდილობენ როგორმე სააკაშვილი პასუხისმგებლობას აარიდონ და სასჯელს განარიდონ, ეს არ და ვერ იქნება სისრულეში მოყვანილი, ეს არის დროის ფუჭი ხარჯვა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერ ამას წინ უძღოდა სააკაშვილისგან სიტუაციის ხელოვნურად გამწვავება, საზოგადოება ხედავს, ის ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე დაუძვრეს მართლმსაჯულებას, ეს არ გამოვა. ერთადერთი, სააკაშვილმა რაც უნდა გააკეთოს, კარგად უნდა გაიაზროს მის ჯანმრთელობაზე თავადაც არის პასუხისმგებელი, ამიტომ, ხელოვნურად გამწვავებისკენ სიტუაცია არ უნდა წაიყვანოს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.