რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებულ აღლუმზე წითელ მოედანზე, ტრადიციულად, ჯარს მიმართა.
წელს, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის მთავარსარდალმა ყურადღება უკრაინაში მიმდინარე “სპეცოპერაციაზე” გაამახვილა და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსი სამხედროები ” მართალი საქმისთვის იბრძვიან – რუსეთისთვის” და რომ დონბასში “ხალხის დაცვით საკუთარი სამშობლოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ”.
პუტინის მტკიცებით, რუსეთმა “მოსალოდნელი აგრესიის წინააღმდეგ პრევენციული ზომები მიიღო. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილება”.
“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, განსაკუთრებით – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დაიწყო ლაპარაკი საკუთარ ექსკლუზიურობაზე, რითაც ამცირებდნენ არა მხოლოდ მთელს მსოფლიოს, არამედ – თავიანთ სატელიტებს, რომლებიც იძულებულნი არიან, ისე მოიქცნენ, თითქოს, ვერაფერს ამჩნევენ და მორჩილად გადაყლაპონ ეს ყველაფერი.
მაგრამ ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ. რუსეთს განსხვავებული ხასიათი აქვს. ჩვენ არასოდეს დავთმობთ სამშობლოს სიყვარულს, რწმენას და ტრადიციულ ფასეულობებს, ჩვენი წინაპრების წეს-ჩვეულებებს, ყველა ხალხისა და კულტურის პატივისცემას.
მივმართავ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს და დონბასის მეამბოხეებს. თქვენ სამშობლოსთვის იბრძვით, მისი მომავლისთვის, რომ არავინ დაივიწყოს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები, რომ მსოფლიოში არ დარჩეს ადგილი ჯალათებისთვის, დამსჯელებისა და ნაცისტებისთვის.
დღეს ჩვენ ქედს ვიხრით ყველას ნათელი ხსოვნის წინაშე, ვისი სიცოცხლეც შეიწირა დიდმა სამამულო ომმა – ვაჟების, ქალიშვილების, მამების, დედების, ბაბუების, ქმრების, ცოლების, ძმების, დების, ნათესავების, მეგობრების ხსოვნის წინაშე.
ქედს ვიხრით ოდესის წამებულთა ხსოვნის წინაშე, რომლებიც 2014 წლის მაისში პროფკავშირების სახლში ცოცხლად დაწვეს. ქედს ვიხრით დონბასელი მოხუცების, ქალებისა და ბავშვების ხსოვნის წინაშე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე, რომლებიც დაუნდობელი დაბომბვის, ნეონაცისტების ბარბაროსული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ. ქედს ვიხრით ჩვენი თანამებრძოლების წინაშე, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ მართალ ბრძოლაში – რუსეთისთვის.
ჩვენი თითოეული ჯარისკაცისა და ოფიცრის დაღუპვა ყველა ჩვენგანის მწუხარებაა და გამოუსწორებელი დანაკლისი ნათესავებისა და მეგობრებისთვის. სახელმწიფო, რეგიონები, საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ასეთ ოჯახებს მზრუნველობა არ მოაკლონ და დაეხმაროთ მათ. განსაკუთრებულ დახმარებას გავუწევთ დაღუპული და დაჭრილი თანამებრძოლების შვილებს. ამის შესახებ პრეზიდენტის განკარგულებას ხელი დღეს მოეწერა.
ახლა აქ, წითელ მოედანზე ჩვენი უზარმაზარი სამშობლოს მრავალი რეგიონის ჯარისკაცები და ოფიცრები მხარდამხარ დგანან, მათ შორის, ისინი, ვინც პირდაპირ დონბასიდან, პირდაპირ ომის ზონიდან ჩამოვიდნენ.
ჩვენ გვახსოვს, როგორ ცდილობდნენ რუსეთის მტრები, ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ საერთაშორისო ტერორისტების ბანდები, ცდილობდნენ ეროვნული და რელიგიური მტრობის დათესვას, ჩვენი დასუსტებისა და შიგნიდან გაყოფის მიზნით. არაფერი გამოუვიდათ.
დღეს ჩვენი სხვადასხვა ეროვნების მებრძოლები ერთად არიან ბრძოლაში, ძმებივით იფარებენ ერთმანეთს ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან.
და ეს არის რუსეთის სიძლიერე, ჩვენი ერთიანი მრავალეროვნული ხალხის დიდი, ურღვევი ძალა.
დღეს თქვენ იცავთ იმას, რისთვისაც იბრძოდნენ თქვენი მამები, ბაბუები და დიდი ბაბუები. მათთვის ცხოვრების უმაღლესი აზრი ყოველთვის იყო სამშობლოს კეთილდღეობა და უსაფრთხოება. და ჩვენთვის, მათი მემკვიდრეებისთვის, სამშობლოს ერთგულება არის მთავარი ღირებულება, რუსეთის დამოუკიდებლობის საიმედო მხარდაჭერა.
ვინც დიდი სამამულო ომის დროს დაამარცხა ნაციზმი, გვაჩვენა ყველა დროის გმირობის მაგალითი. ეს არის გამარჯვებულთა თაობა და ჩვენ მათ ყოველთვის დავეყრდნობით. რუსეთისთვის! გამარჯვებისთვის!”, – თქვა პუტინმა.