გურამ მაჭარაშვილი: ამ ეტაპისთვის, პატიმარ სააკაშვილის გადაყვანა საჭირო არ არის – თუ ეს საჭიროება დადგება, ამის მზადყოფნაც იქნება
ამ ეტაპისთვის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საჭირო არ არის. თუ ეს საჭიროება დადგება, ამის მზადყოფნაც იქნება, შესაბამისად, ზედმეტი ინტერპრეტაციები საჭირო არ არის, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ, როდესაც ზოგიერთი მედიასაშუალების და მისი მხარდამჭერების მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს, პენიტენციურიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით პატიმარი სააკაშვილი გამოჰყავდათ, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ის იქ არ იმყოფებოდა და საქმე სხვა პატიმარს ეხებოდა, მათ საერთოდ არ მოიკითხეს, როგორი იყო ამ პატიმრის მდგომარეობა, რაც, მაჭარაშვილის აზრით, არასწორი მიდგომაა.
“რა თქმა უნდა, პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა პატიმრის მდგომარეობა როგორია, ამაზე, სამწუხაროდ, არც მედიასაშუალებები და არც სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ დაინტერესებულან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.