კარლ ჰარცელი: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად

ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირი ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა და საქართველოს ევროპის დღე მიულოცა.

მისი თქმით, საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა.

“ევროპის დღეს აღვნიშნავთ ევროპის შესახებ ახალ ხედვას, რომელიც 72 წლის წინ შუმანის დეკლარაციამ წარმოგვიდგინა.

იმ დროს, როდესაც ევროპა ჯერ კიდევ დამანგრეველი ომის ფერფლიდან დგებოდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, უზრუნველეყო, რომ ევროპაში ომები აღარ ყოფილიყო.

თუმცა, ჩვენ ამ ხედვის ერთგულნი ვრჩებით, სამწუხაროდ, სხვები უხეშად და ტრაგიკულად აჩვენებენ, რომ მოვლენებს მაინც განსხვავებულად ხედავენ. როდესაც რუსეთი ევროპაში თავის გაუმართლებელ ომს აწარმოებს, ჩვენ მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და მის გვერდით ვდგავართ, იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც გვაერთიანებს და რომელსაც ჩვენი კავშირი ეფუძნება.

საქართველოში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა იმავე ღირებულებებზეა დაფუძნებული. პარტნიორობა, რომელიც მომავალში გაიზრდება, რადგან საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა – ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა – მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებების შესაბამისად და ცივილიზაციურ ფესვებზე დაყრდნობით.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ქართულ საზოგადოებასა და კულტურაში დემოკრატიის, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თავისუფლების ღირებულებების ღრმა საფუძვლის არსებობას გვაჩვენებს. ღირებულებებისა, რომელიც ყველასთვის დღემდე ძვირფასია და მათ დასაცავად გვინდა ერთობლივი მუშაობის გაგრძელება და ბრძოლა მთელ მსოფლიოში.

ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად, კოვიდპანდემიისა და სხვა კრიზისების დროს, ჩვენი ურყევი მხარდაჭერით საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასეც გავაგრძელებთ. კვლავ გვექნება საქართველოს, როგორც ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის იმედი. ნება მიბოძეთ, ყველას მოგილოცოთ ევროპის დღე!“, – აცხადებს ჰარცელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები