ხათუნა სამნიძე: 19 აპრილის შეთანხმების შესრულება იქნება პირველი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენი პარტნიორები დაინახავენ “ოცნების” მზაობას გადადგას ნაბიჯები
ჩვენს პარტნიორებს უკრაინასთან ერთად არ უნდა დაავიწყდეთ საქართველო, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მან ყურადღება გაამახვილა 19 აპრილის შეთანხმებაზეც და აღნიშნა, რომ ის კვლავ დღის წესრიგშია.
“მაქსიმალური დახმარება საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით არის საკითხი, რომელზეც ხელისუფლება სისტემატურად და ინტენსიურად უნდა მუშაობდეს, მაგრამ ეს არ ჩანს. ამის მიუხედავად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ ძალიან კარგად ხედავს, რა არის ჩვენი ხალხის ნება. ხელისუფლების პასიურობის მიუხედავად, ძალიან ბევრი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო დაცული იყოს, მაგრამ ამას სჭირდება საქართველოს მხრიდან კონკრეტული პირობების შესრულება და დღის წესრიგში აუცილებლად დააყენებს აშშ ამ საკითხს, ძალიან მალე ვიხილავთ ამას.
ეს ეხება ყველა იმ შეთანხმებას, პირობას, რომელზეც თვეების განმავლობაში “ქართული ოცნება” საუბრობდა, პირობას დებდა, გარანტიებს იძლეოდა, ხელს აწერდა ამ შეთანხმებებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება დემოკრატიულ განვითარებას და გარანტიებს, რომ ჩვენ დავრჩებით და ვიქნებით აშშ-ისა და ევროპის პარტნიორი. 19 აპრილის შეთანხმება, რომელსაც “ქართული ოცნება” გაურბის, კვლავ დღის წესრიგშია. გაქცევის მიუხედავად, მათ თქვეს, რომ პირობებს შეასრულებდნენ. ამ პირობებში არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რეფორმები, პასუხისმგებლობის განაწილება. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენი პარტნიორები დაინახავენ “ოცნების” მზაობას გადადგას ნაბიჯები. ეს იქნება მათი მხარდაჭერის გაგრძელების გარანტი!”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.