გიორგი კახიანი: თეორიულად რომ დაუშვა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, ოპოზიციის წარმომადგენლობა პარლამენტში შემცირდება

თეორიულად რომ დაუშვა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, შედეგად მათი წარმომადგენლობა პარლამენტში შემცირდება და „ქართული ოცნების“ გაიზრდება, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცესპიკერი, გიორგი კახიანი “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას.

კახიანის თქმით, არჩევნების ჩატარებაზე ოპოზიციის განცხადებები არასერიოზულია და მათი მხრიდან ამ საკითხზე საუბარი არის მოთხოვნა – მოთხოვნისთვის.

“გიორგი ვაშაძის განცხადება უფრო პოპულისტურ განცხადებას ჰგავს, ვიდრე რეალურს, რასაც თავადაც კარგად ხვდება, რადგან ამას არანაირი საფუძველი არ აქვს. ეს არის მცდელობა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში ისევ ამ განცხადების ავტორი გამოჩნდეს. ასეთი განცხადებები ადრეც გვახსოვს. ასევე გვახსოვს, ყოველი მორიგი არჩევნების შემდგომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაც. უმრავლესობის რიგებში ამას სერიოზულად არავინ უყურებს.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამ საკითხზე კონსულტაციები არ შეჩერებულა და კარგია, რომ დრო გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ მორიგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს განსაზღვრულია კონსტიტუციით“, – განაცხადა კახიანმა.

ცნობისათვის, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოუწევს და საქართველოში რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები