კახა კალაძე: ისეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, სამარცხვინოები არიან

თბილისის მერი, კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ისეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, სამარცხვინოები არიან.

„ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან მარტივად, ჩაეძიოთ და მოიძიოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ისეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არიან სამარცხვინოები. ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა ვინმე პოდოლიაკი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

​ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და, რა თქმა უნდა, არა ხალხის პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, აქვს გავლენა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, ცოტა არ იყოს, უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები