უკრაინის გენპროკურორი რუსეთს ომის მთავარ ტაქტიკად გაუპატიურების გამოყენებაში ადანაშაულებს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ რუსეთი გაუპატიურების, როგორც ომის ტაქტიკის გამოყენებაში დაადანაშაულა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, 21-ე საუკუნის ომის მთავარი დამნაშავე უწოდა.

კიევის მახლობლად განადგურებულ ქალაქ ირპინში ვიზიტისას, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ უკრაინა რუსული ძალების მიერ გაუპატიურების, წამების და სხვა საეჭვო ომის დანაშაულებებზე ინფორმაციას აგროვებს.

მისი თქმით, ბრალდებები მოიცავს ქალების, მამაკაცების, ბავშვების და მოხუცი ქალების გაუპატიურებას.

ამასთან, კითხვაზე, იყო თუ არა გაუპატიურება რუსეთის მიზანმიმართული სტრატეგია ომში, ვენედიქტოვამ აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, რეალურად ეს იყო სტრატეგია“.

„ეს, რა თქმა უნდა, არის სამოქალაქო საზოგადოების დასაშინებლად, რათა ყველაფერი გაკეთდეს უკრაინის კაპიტულაციისთვის“, – თქვა მან.

როგორც ვენედიქტოვამ აღნიშნა, უკრაინაში მომხდარზე პასუხისმგებლობა პუტინს, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ეკისრება.

„პუტინი არის 21-ე საუკუნის ომის მთავარი დამნაშავე. თუ ჩვენ ვსაუბრობთ აგრესიის დანაშაულზე, ყველამ ვიცით, ვინ დაიწყო ეს ომი და ეს ადამიანი არის ვლადიმერ პუტინი“, – განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები