გია ვოლსკი: საქონელი და ბიზნესი, რომელსაც სანქციები ადევს, საქართველოს გავლით არცერთ ბაზარზე არ მოხვდება – თუ უკრაინის დაზვერვას რამე დამატებითი ინფორმაცია გააჩნია, წარმოადგინოს

“სანქცირებული ბიზნესი, საქონელი, ბიზნესაქტივობები, ბიზნესმენი ან რაიმე შავი ხვრელი, რაზეც ასე ინტენსიურად საუბრობენ ჩვენი ე.წ. მოყვარეები, საქართველოში არ არსებობს და ვერ იარსებებს, ასეთი სურვილიც რომ გაუჩნდეს ვინმეს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას.

მისივე თქმით, საქონელი და ბიზნესი, რომელსაც სანქციები ადევს, საქართველოს გავლით არცერთ ბაზარზე არ მოხვდება.

„რაც შეეხება უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებას, ერთი რამ შემიძლია ვუთხრა დარწმუნებით უკრაინელ ხალხს, ვინც ამ დეზინფორმაციას უსმენს, საქართველოში არანაირი მოლაპარაკება სანქციების გვერდის ავლაზე არ მიმდინარეობს. ასეთი არ განხორციელდება, ვერ განხორციელდება, არც საქონელი და არც ბიზნესი, რომელსაც სანქციები ადევს, საქართველოს გავლით არ მოხვდება არც ერთ ბაზარზე. თუკი რაიმე დამატებითი ინფორმაცია გააჩნია დაზვერვას და ამაზე მეტი იცის, ვიდრე მე ვამბობ, წარმოადგინოს ეს ინფორმაცია, კონკრეტული მასალები და არა ზოგადი საუბარი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით სანქციების გვერდის ავლას ცდილობს. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები