გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, შშმ პირები პარაოლიმპიური სპორტის სახეობას „ბოჩას“ ეუფლებიან

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ერთობლივი პროექტის „ბოჩა – ჩვენთვის აქტიური სპორტის“ ფარგლებში  შშმ პირები პარაოლიმპიური სპორტის სახეობას „ბოჩას“ ეუფლებიან.

პროექტის მიზანი აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარება და სხვადასხვა დონის შეჯიბრებებში წარმატებული  მონაწილეობაა. გარდა ამისა, „ბოჩა“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აძლევს აქტიური ცხოვრების საშუალებას, აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხსა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბენეფიციარებს საქართველოს ბოჩას ფედერაციის გენერალური მდივანი და მთავარი მწვრთნელი თინათინ რევაზაშვილი ავარჯიშებს. დღეს, ვარჯიშს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი დაესწრო.

„გორის მერია მაქსიმალურად უწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრირებას და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი გვაქვს დაფინანსებული.  ამ ეტაპზე, შშმ პირები ბოჩას თამაშს სწავლობენ. აღნიშნული  პროექტი გორის მუნიციპალიტეტში წელს  პირველად ხორციელდება.  დარწმუნებული ვარ,  მისი ბენეფიციარები არაერთხელ გვასახელებენ“ – აცხადებს გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები