უკრაინის ზოგიერთ უპასუხისმგებლო და თანამდებობისთვის შეუფერებელ მაღალჩინოსანს ვურჩევ, კონცენტრირდეს საკუთარი ქვეყნის დეოკუპაციაზე და არა პარტნიორი სახელმწიფოს ომში გახვევის მცდელობებზე, – ასე ეხმიანება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.
მისი თქმით, ომში მყოფი ქვეყნის მოხელეს ამ დროს გაცილებით სხვა ამოცანები უნდა ჰქონდეს, ვიდრე – საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევა.
“ომში მყოფი ქვეყნის საღად მოაზროვნე მოხელეს ამ დროს გაცილებით სხვა ამოცანები უნდა ჰქონდეს, ვიდრე – ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარების პროვაიდერი ქვეყნის ხელისუფლებაზე შეტევა. აქედანაც განსაკუთრებულად გულთბილი და ყოვლისმომცველი მოკითხვა არესტოვიჩს და მისი ჭკუის სხვებსაც. ჩემთვის არესტოვიჩი და უკრაინელი ხალხი არასდროს იქნებიან სინონიმები”, – წერს ირაკლი ბერაია “ფეისბუქზე”.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: “უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში, თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა”.