შალვა პაპუაშვილი: საქართველო უკრაინის სამხედრო დახმარებაში ვერ ჩაერთვება და აქ მეორე ფრონტი ვერ გაიხსნება

საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხატავს უკრაინის მხარდაჭერას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას ვერ გაუწევს და ქვეყანაში მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება.

„საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხატავს უკრაინის მხარდაჭერას. მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების და ლტოლვილების მიღების კუთხით ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და მოწინავე. ასევე, სანქციებთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მკაფიო და არაორაზროვანი პოზიცია, რომ არ იქნება გვერდის ავლა.

გამოდის, რომ არის ორი საკითხი, სადაც საქართველო ვერ მონაწილეობს. ეს არის სამხედრო დახმარება და მეორე ფრონტის გახსნა. თქვენ გახსოვთ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა რეისის ორგანიზებაზე და მოხალისე მებრძოლთა ორგანიზებულად გაშვებაზე, რაც იქნებოდა პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. ზუსტად მაშინ იყო, მეორე დღეს, რომ ელჩის გაწვევა მოხდა კონსულტაციაზე.

ანუ, რაც შეეხება სამხედრო დახმარებას და სამხედრო ჩართულობას, საქართველო, რა თქმა უნდა, ამაში ვერ ჩაერთვება და მეორე, აქ მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით თუ არსებობს პრეტენზიები, ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ამ პრეტენზიებს, რა თქმა უნდა, ვერ მივიღებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები