იაგო ხვიჩია – სააკაშვილზე: უაზრო დრამებს თავი უნდა დაანებოს
ვიდრე სისტემამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ანალიზების პასუხები იცის, დრამებით ადამიანების განწყობას ვერ შეცვლის, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა უაზრო დრამებს თავი უნდა დაანებოს.
„ეს ფაქტი უნდა იყოს ისეთი, რასაც „ქართული ოცნება“ ვერ უარყოფს. ამის შემდეგ შეგვიძლია ამაზე სერიოზული ლაპარაკი. უკვე იმდენჯერ გავიგონეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ავად, სადღაც გადაიყვანეს, შეუწუხდა გული და იმდენჯერ დაიწერა დასკვნა, რომ ამის უკვე არავის აღარ სჯერა და ეს იცის „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის ანალიზებს ყურადღებით აკვირდება. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია სულ აქვს, რითაც შეუძლია, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სერიოზულად იმოძრაოს. თუ გვინდა, „ქართულ ოცნებას“ ეს თავდაჯერებულობა წავართვათ, მეტად უნდა გაირისკოს, მათ შორის, უარი უნდა ეთქვას სამედიცინო მომსახურებაზე. ამ შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება, მართლა იფიქროს, რომ სააკაშვილი ცუდად არის. ვიდრე სისტემამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ანალიზების პასუხები იცის, დრამებით ადამიანების განწყობას ვერ შეცვლის“, – განაცხადა ხვიჩიამ.