მაშველებმა უშგულში დაშავებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა უშგულში დაშავებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შესული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ უშგულში დაშავებული ტურისტი იმყოფებოდა, რომელიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა და მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა.

არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი დადიაშის მთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო.

დაშავებულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა დაიწყო. რთული რელიეფის გამო, ტურისტულ ჯგუფთან მისვლა ავტომობილის საშუალებით ვერ ხერხდებოდა, შესაბამისად გადაწყდა სამაშველო ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა.

ამ დროისთვის, სოფელ უშგულში სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაშავებული ტურისტი ვერტმფრენის საშუალებით ქუთაისში ჩაიყვანეს, საიდანაც იგი კლინიკაში გადაიყვანეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები