ირაკლი ქადაგიშვილი: არესტოვიჩის ყველა განცხადება არის პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადება, რაც მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა იყოს ომში ჩათრეული

არესტოვიჩის განცხადებები არის გზავნილები, რომ საქართველოში რუსეთის მორიგი აგრესია განხორციელდეს, ამ განცხადებებით მოქმედებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის ყველა განცხადება პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადებაა, რაც მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა იყოს ჩათრეული და რუსეთის აგრესიის დარტყმის ქვეშ მოხდეს.

“არესტოვიჩის ყველა განცხადება არის პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადება, რაც მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა იყოს ჩათრეული და რუსეთის აგრესიის დარტყმის ქვეშ მოხდეს. მისი განცხადებები, რომ ახლა საქართველოს შანსი აქვს, საომარი მოქმედებები გაშალოს და ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს, რეალურად ნიშნავს, რომ ჩვენს თავზე რუსული აგრესია გამოვიწვიოთ. რა თქმა უნდა, ეს არის პროვოკაციული განცხადებები”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.

” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდება, რაც არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება და რომელიც ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის ერთ-ერთი განმაპირობებელი დამოკიდებულებაა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები