თეონა აქუბარდია: სამხედრო აგრესორობა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს არ შეეფერება
“საქართველოს აქვს საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულება, რომ ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს”, – ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, თეონა აქუბარდია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.
აქუბარდიას თქმითვე, სამხედრო აგრესორობა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს არ შეეფერება.
“საქართველო არ არის აგრესორი, რასაც რუსეთი ცდილობს, რომ დაამტკიცოს, თითქოს, ჩვენ დავიწყეთ ომი და, მეორე მხრივ, საქართველოს აქვს საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულება, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას. ის ხალხი, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს არიან ჩვენი მოქალაქეები და სამხედრო აგრესორობა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს არ შეეფერება”, – აღნიშნა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს“.